Wednesday, February 6, 2013

კლას-კომპლექტებთან მუშაობის ძირითადი პედაგოგიური საფუძვლები



მარეხი ნათენაძე


სასწავლო კურსის _ კლას-კომპლექტებთან მუშაობის მეთოდიკის - სწავლება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (ყოფილი თსუ მესხეთის ფილიალი) დაწყებითი განათლების სასწავლო პროგრამით 2001 წლიდან დაიწყო. კურსის სწავლების იდეა ეკუთვნის ფილიალის დირექტორს, ბატონ მერაბ ბერიძეს. სასწავლო პროგრამით დისციპლინის სწავლება გაგრძელდა 2009 წლამდე. კურსის  სწავლების შეწყვეტა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ განათლების რეფორმის თანახმად, პატარა სკოლები უკვე უერთდებოდა მეზობლად მდებარე დიდ სკოლებს და ამ დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ კლასკომპლექტებიც გაუქმდებოდა და შესაბამისად, აღნიშნული სასწავლო კურსიც დაკარგავდა აქტუალობას. თუმცა, სკოლების გაერთიანების გზით კლასკომპლექტები მაინც არ გაუქმებულა. უფრო მეტიც, 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით (ესგ, 2011-2016, თავი I, მუხლი 4, პუნქტი 7-10), ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა, რადგან, თუ  მანამდე კლასკომპლექტები დაიშვებოდა მხოლოდ სკოლის დაწყებით კლასებში (I-IV), ახლა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კლასკომპლექტები დასაშვებია სკოლის სამივე საფეხურზე. ამავე დროს, კლასების დაწყვილება უნდა მოხდეს საფეხურების შიგნით, არაუმეტეს ორი კლასის გაერთიანებით. მანამდე შეიძლებოდა კლასკომპლექტების შექმნა მხოლოდ სკოლის დაწყებით კლასებში ორი, სამი და ოთხი კლასის გაერთიანებითაც კი. ამ პირობებში, მასწავლებელს ერთდროულად მუშაობა ორ (და მეტ) კლასთან უწევდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების მოდერნიზებული საბაკალვრო პროგრამით  კვლავ ისწავლება აღნიშნული სასწავლო კურსი, თუმცა განახლებული სახით.
კლას-კომპლექტები იქმნება მცირეკონტიგენტიან სკოლებში (სამეცნიერო-მეთოდურ ლიტერატურაში გავრცელებულია ტერმინები: კლასკომპლექტებთან მუშაობის მეთოდიკა ან მცირეკონტიგენტიანი დაწყებითი სკოლა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს უკვე შეიძლება კლას-კომპლექტი შეიქმნას სკოლის სამივე საფეხურზე (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კლას-კომპლექტი იწერება ტირეთი - კლას-კომპლექტი (ესგ, 2011-2016, თავი I, მუხლი 4, პუნქტი 7-10)).
პედაგოგიური პროფესიის დაუფლების უაღრესად რთულ და მრავლისმომცველ სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მცირეკონტიგენტიანი სკოლისათვის მასწავლებლის მომზადება. საქართველოს რელიეფის თავისებურების, დემოგრაფიული პრობლემის გამო სკოლების ნაწილი მოსწავლეთა სიმცირის გამო კლას-კომპლექტიანია. დღეისათვის, მცირეკონტიგენტიან სკოლებში კლას-კომპლექტების შექმნის პირობები განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით (ესგ, 2011-2016, თავი I, მუხლი 4, პუნქტი 7-10). ამდენად, აუცილებელია სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა მომზადების დონისა და, შესაძლებელია ასევე, სხვადასხვა ეროვნების  მოსწავლესთან (მითუმეტეს, რომ ინერგება ბილინგვური სწავლება) ერთდროულად მუშაობის თავისებურებების ცოდნა. უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში სტუდენტის, როგორც მომავალი მასწავლებლის, ფსიქოლოგიურ მომზადებას (ნათენაძე ., 2001).
კლას-კომპლექტში ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა დეტალურად უნდა ასახავდეს ორივე კლასისთვის გაკვეთილის თემას, მიზანს და სწავლის შედეგებს, სასწავლო აქტივობებს და ყველა იმ კომპონენტს, რაც იწერება ჩვეულებრივად ცალკეული კლასის გეგმაში გაკვეთილის გეგმის არსებული ფორმის მიხედვით, ორივე კლასისთვის წინასწარ უნდა მომზადდეს სასწავლო რესურსები, შეფასების რუბრიკები. კლას-კომპლექტში ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა აუცილებლად უნდა დაიწეროს ერთ ფორმაში და არავითარ შემთხვევაში ცალ-ცალკე კლასებისთვის. ამავე დროს, გაკვეთილი ორივე კლასისთვის უნდა იყოს სამფაზიანი (ABC), უნდა მიეთითოს ინდივიდუალური მუშაობა, მუშაობა წყვილებში, მუშაობა ჯგუფებში; გაკვეთილზე უნდა გამოიყენებოდეს სწავლების აქტიური მეთოდები. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება _ კლას-კომპლექტებში დასაშვებია ჯერ ახალი მასალის ახსნა, შემდეგ გაკვეთილის გამოკითხვა და სხვ., ანუ დასაშვებია გაკვეთილის ეტაპების გადაადგილება. ეს ყველაფერი კი დეტალურად უნდა დაიწეროს გაკვეთილის გეგმაში.  კლას-კომპლექტებში გაკვეთილის ეტაპების რაოდენობა განუსაზღვრელია.
გთავაზობთ კლას-კომპლექტებისათვის გაკვეთილის გეგმის ნიმუშს.

ეტაპები
, წთ.
პირველი კლასი
მესამე კლასი
I
5
დამოუკიდებელი მუშაობა
  • მასწავლებელთან მუშაობისათვის მომზადება
მასწავლებელთან ერთად მუშაობა
  • შესასრულებელი დავალების მიცემა შესრულების ინსტრუქციის გაცნობა
II
20
მასწავლებელთან ერთად მუშაობა

  • მოსწავლეთა მომზადება (გამოწვევა) ახალი მასალის შესასწავლად;
  • ახალი მასალის ახსნა;
  • გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ 3 წუთის განმავლობაში  ჩატარდება ფიზიკური აქტივობა;
  • საკლასო   და  საშინაოდავალებებისმიცემა, შესასრულებელიდავალებებისშესრულებისინსტრუქციისგაცნობა;
  •  კლასში შესასრულებელი დამოუკიდებელი სამუშაოს დავალებების ნაწილის შესრულება მასწავლებლის მეთვალყურეობით
დამოუკიდებელი მუშაობა

  •  ახალ მასალაზე   გადასვლა, შესაბამისად წერითი დავალების შესრულება;
  • სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა _ გავლილი მასალის გამეორების მიზნით ტექსტის ჩუმი კითხვა
III
5
დამოუკიდებელი მუშაობა
  • ახალი მასალის განმტკიცების მიზნით დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება - მუშაობის გაგრძელება დამოუკიდებლად
მასწავლებელთან ერთად მუშაობა 
  • დამოუკიდებელი სამუშაოს შემოწმება, ახალი მასალის საკითხების განმტკიცება
IV
5
მასწავლებელთან ერთად მუშაობა
  • დამოუკიდებელი სამუშაოს შემოწმება;
  • მიცემული საშინაო დავალების შეხსენება;
  • გაკვეთილის შედეგების შეჯამება
დამოუკიდებელი მუშაობა
  •  ახალი მასალის განმტკიცების მიზნით დავალებების  შესრულება
V
10
შენიშვნა:
  • გაკვეთილი დასრულდა;
  • უსაფრთხოების მიზნით მოსწავლეები რჩებიან საკლასო ოთახში კლას-კომპლექტში გაკვეთილის ძირითადი დროის (45 წუთი) გასვლამდე და ისვენებენ.
  •  მოსწავლეთა სურვილის მიხედვით ამ ეტაპზე შეიძლება დამატებით მუშაობა ბუკებში, მაგალითად მუშაობა ხატვის (Paint) პროგრამაში;
  • მასწავლებელს სასწავლო აქტივობები ყოველთვის წინასწარ უნდა ჰქონდეს მოფიქრებული; ამავე დროს, შერჩეული აქტივობები უნდა იყოს მრავალფეროვანი
მასწავლებელთან ერთად მუშაობა 
  • სამუშაოს შემოწმების,  გაკვეთილის გამოკითხვის  და ახალი მასალის საკითხების განმტკიცების მიზნით მუშაობა კითხვა-პასუხის ფორმატში;
  • გაკვეთილის შედეგების შეჯამება;
  • საშინაო დავალების მიცემა


გამოყენებული ლიტერატურა:

1.    ესგ, 2011-2016 - ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-2016.
2.    ნათენაძე ., 2001 - ნათენაძე ., კლასკომპლექტებთან მუშაობის მეთოდიკა, სასწავლო პროგრამა, თსუ, 2001.
 


No comments:

Post a Comment